„მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ჩემთვის
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია. ამ რომანმა იმაზე მეტი ემოცია აღმიძრა და იმაზე
მეტ რამეზე დამაფიქრა, ვიდრე მოველოდი, თუმცა
სჯობს, თავიდან დავიწყო.
წიგნი ბრილკას დაკარგვითა და ერთი
შეხედვით მარტივი დიალოგებით იწყება დედასა და შვილს შორის, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს
მცირე მოთელვაა დიდი ქარიშხლის წინ, რადგან ამის შემდეგ ნიცა ჯაშების ოჯახის ამბის
თხრობას იწყებს და მკითხველი მთლიანად ეშვება მათ მრავალფეროვან ცხოვრებაში. კითხვისას
მქონდა მომენტები, როცა ამ ისტორიით ზედმეტად გართულს ისიც კი მავიწყდებოდა, ყველაფერს
ნიცა ბრილკას რომ მოუთხრობდა. რა თქმა უნდა, წიგნი ასე სულმოუთქმელად წასაკითხი არ
იქნებოდა, საინტერესო შინაარსთან ერთად მწერლის იდეალური სტილიც თან რომ არ ერთვოდეს.
ოსტატურადაა შერწყმული ისტორია და ლიტერატურა, უნდა ვაღიარო, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე და გავიაზრე
ის დეტალები, რომლებიც აქამდე არ ვიცოდი ან უყურადღებოდ დავტოვე საქართველოს ისტორიიდან.
მწერალი იდეალურად აღწერს საბჭოთა საქართველოს არსებობის პერიოდს, მის სიბინძურეებს,
ნაკლსა და სიმახინჯეებს. მკითხველისთვის კი ბევრად უფრო მძიმედ და სერიოზულად წასაკითხია,
რადგან ეს ვინმეს მოგონილი ან ვინმე სხვისი კი არა, საკუთარი ქვეყნის ავბედითი ისტორიაა.
კონკრეტულად პერსონაჟებს რაც შეეხება, ჩემთვის თითოეული მათგანი განსაკუთრებულია.
არცერთი არ არის ბოლომდე ცუდი ან ბოლომდე კარგი,
ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი რეალური ისტორიის შემადგენელი ნაწილები, ადამიანები
არიან და არა ზღაპრის უცოდველი ანგელოზები. შეუძლებელია რომელიმე პერსონაჟზე გადაჭრით
ვთქვა, რომ ის ცუდია, ან კარგია. თითოეული მათგანი სავსეა ადამიანური ტკივილებით, სიბინძურეებითა
და ცოდვებით, რამაც წიგნი ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ბევრად უფრო რეალური გახადა.
სტასია ჩემთვის მნიშვნელოვანი
პერსონაჟია, კითხვის პორცესში მის მიმართ ბევრი
სხვადასხვა რამ განვიცადე, თავიდან აღტაცება, თანაგრძნობა, მერე ცოტა გაკვირვება და
ბოლოს სიბრალული. ის ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი
და, ამავდროულად, საკუთარ ბედს შეგუებული პერსონაჟია.
ყველაფერს ხედავს, ყველაფერს გრძნობს, ყველაფერი ესმის, მაგრამ დუმს. ამ ყველაფრისდა
მიუხედავად, სტასიამ საკუთარი ისტორიით დამანახა, რომ ამ ნაგვით სავსე ცხოვრებაში მარგალიტებიცაა
მიმოფანტული, უბრალოდ, მთავარია ისინი ვიპოვოთ.
მწერლის ინდივიდუალური თხრობის სტილი წიგნს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის,
ხშირად თხრობას წყვეტს და მოულოდნელად ბრილკას მიმართავს, რაც მკითხველს მომხდარის
გააზრებაში ეხმარება (მე ნამდვილად დამეხმარა). რომანის თითოეული დეტალი და ფურცელი
ისე უკავშირდება და ერთვის ერთმანეთს, როგორც ხალიჩის ძაფები. ერთად კი მთლიან „სურათს“
ქმნიან.
ეს „საუკუნის რომანი“ ქართველ მკითხველს მალე გაეცნობა და დარწმუნებული
ვარ, მათ სამყაროშიც მოახდენს ისეთივე დიდ
ან მცირე ცვლილებებს, როგორც ჩემში.
კესო ჩხიკვაძე
სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის
IX კლასის მოსწავლე
No comments:
Post a Comment