ნინო ქანთარია


 ,,მერვე სიცოცხლისავტორი არცთუ ისე შორეულ წარსულში აღმოვაჩინე.  მან მალევე დაიკავა ადგილი ჩემს საყვარელ მწერლებს შორის. ნინო ხარატიშვილი, ჩემი აზრით, წერს პრობლემებზე, რომლებიც ერთნაირად აწუხებთ ადამიანებს სამყაროს ყველა მხარეში და ტრაგედიებზე, რომლებიც მათ აერთიანებთ. ამიტომაც ერთნაირად მისაღები ხდება როგორც გერმანელი, ისე ქართველი მკითხველისთვის, მიუხედავად მათ შორის დიდი განსხვავებისა.

ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული საქართველოს უახლესი ისტორია. ვიცი, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, რომ ოჯახები უბედურდებოდნენ , რომ სამართალი არ იყო არსად, ადამიანები ერთმანეთს არ ენდობოდნენ, ვერ ლაპარაკობდნენ გულწრფელად,  მაგრამ ეს ყველაფერი ვიცი მხოლოდ ისტორიიდან. ამ წიგნმა კი იქ მამოგზაურა. მაცხოვრა ძველი საქართველოს პროვინციულ ქალაქში, თბილისშიც,  მაშიმშილა მოსკოვში. სიყვარულისა და ბედნიერებისთვისაც ვიბრძოდი და გადარჩენისთვისაც. ლამაზიც ვიყავი და თამამიც, ვუყვარდი ყველას და ისეთებსაც, ვინც დამღუპავდნენ. მაგრამ არ ვეპუებოდი, წინ მივდიოდი, ვცხოვრობდი, ვუძლებდი, ველოდებოდი ქმარს, ვუყურებდი შვილებს, როგორ იზრდებოდნენ, მშორდებოდნენ. დრო გადიოდა, ქვეყანაში კი ყველაფერი ხდებოდა. ყველაფერი, რის შესახებაც მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე.

,,მერვე სიცოცხლე (ბრილკას)’’ არის ერთი ოჯახის ისტორია, უფრო სწორად, ჩვენი  საერთო ისტორია ნაჩვენები ერთი კონკრეტული ოჯახის ბედითამ წიგნის ჯერ მხოლოდ ორი ნაწილი წავიკითხე და ბევრი ემოცია დამიგროვდა. თითქოს ახლა ვეცნობი იმას, რაც ამდენ ხანს ჩემი იყო, მე კი წარმოდგენა არ მქონდა. ეს იმ ნათესავს გავს, რომლის არსებობის შესახებ იცი, მაგრამ ერთხელაც არ გინახავს თვალით, სხვები კი საუბრისას ახსენებენ, ისტორიებს ყვებიან მასზე, შენ, უბრალოდ, უსმენ და ვერაფერს ამბობ.

კითხვა როცა დავასრულე, მივხვდი, რომ მეც ბრილკა ვარ, რომ ეს ჩემი ოჯახის ისტორიაცაა და ამ ყველაფერს მიყვებიან, რადგან არ უნდათ, იგივე შეცდომები დავუშვა, რომლებიც მათ, ვიცოდე - საიდან მოვდივარ, უკეთ რომ ავირჩიო, საით წავიდე. მე თვითონ უნდა დავირქვა სახელი, თავად დავწერო ჩემი ისტორია.

მოუთმენლად ველოდები წიგნის გაგრძელებას, II ნაწილს ისეთი ემოციური დასასრული ჰქონდა, რომ ძალიან მაინტერესებს, როგორ გაგრძელდება ამბავი.

ნინო ქანთარია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტი

No comments:

Post a Comment