ბარბარე კოპალეიშვილი


ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე“  ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი ნაწარმოები გახდა დასაწყისიდანვე. სიუჟეტის განვითარებამ, პერსონაჟებმა და სხვა მრავალმა ფაქტორმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მინდა ვთქვა, რომ შემცვალა კიდეც.
ძალიან მომეწონა ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო, დამაინტერესა ქვეყნის აღწერამ, მწერალი როგორც კარგ, ასევე - ცუდ მხარეებსაც უსვამს ხაზს. ვეცნობოდი თითოეული პერსონაჟის ფსიქოლოგიას და ვიზიარებდი მათ ემოციებსა თუ გრძნობებს. ისინი ხომ იდეალურები არ იყვნენ! ასე უკეთ აღვიქვამდი  ტექსტს.
ავტორისეული გადმოცემა კიდევ უფრო დამეხმარა, ვყოფილიყავი მოვლენათა ეპიცენტრში და ცოტა ხნით გავმხდარიყავი „ბრილკა“, რომელსაც უძღვნის ის ამ გასაოცარ ნაწარმოებს. 
მინდა ვთქვა, ამ წიგნმა მასწავლა, რომ მქონდეს იმედი, რწმენა და „თუ ყველა ბაგირი ჩამოწყდება, ყველა ხიდი დაინგრევა, კიდევ ერთხელ გაშლი მკლავებს და მარცხის თავიდან ასაცილებლად როგორმე შეძლებ ფრენას“. მასწავლა, რომ სხვა ქვეყნის კულტურის გაცნობის შემდეგ საქართველო არ დავივიწყო, რომ დავაფასო, აღვფრთოვანდე და დავინტერესდე სხვა ქვეყნით, თუმცა არასდროს დავივიწყო ჩემი მშობლიური მხარე და ენა.
ვარ ამაყი, რომ მომეცა შესაძლებლობა, გავცნობოდი ამ შესანიშნავი წიგნის თუნდაც მხოლოდ ორ თავს გამოცემამდე და ვყოფილიყავი ამ ამბების მონაწილე. ძალიან მიხარია, რომ მალე გაეცნობიან ამ ნაწარმოებს სხვა, თუნდაც ჩემხელა ბავშვები და ვიმედოვნებ, მათაც ბევრ საკითხზე დააფიქრებს და ამოგზაურებს მეოცე საუკუნის საქართველოში.

ბარბარე კოპალეიშვილი
კერძო სკოლა ,,ქორალის” X კლასის მოსწავლე

No comments:

Post a Comment