,,ამ ამბავს რამდენიმე დასაწყისი აქვს. არც კი ვიცი, რომელი ავირჩიო, რადგან ყოველი მათგანი დასაწყისია." - ასე იწყებს მწერალი ამ წიგნის წერას. მეც ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში. ეს ის პერიოდია, როდესაც ერთდროულად ბევრი აზრი იბადება და არ იცი, რომელი აირჩიო. მთავარია, ეს სირთულე გადალახო, აზრებს თავი მოუყარო და თხრობა დაიწყო, შემდეგ კი ყველაფერი სინათლის სიჩქარით გაგრძელდება. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სწორედ ახლა ვარ ამ მდგომარეობაში. ბევრი რამის თქმა მსურს და არ ვიცი, საიდან დავიწყო, მინდა, ჩემი შთაბეჭდილებები გაგანდოთ.
წიგნი საოცრება - ასე შევაფასებდი ნინო ხარატიშვილის ,,მერვე სიცოცხლე (ბრილკას)". წიგნი, რომელიც ბანალური სულაც არაა, მასში სხვადასხვა საინტერესო ისტორიას ამოიკითხავთ. ზოგიერთი ეპიზოდის კითხვისას მეგონა, თავად ვიყავი ავტორი და ჩემს თავზე ვწერდი. იშვიათად თუ მომეწონება თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები, ეს კი სწორედ ის წიგნი აღმოჩნდა, რომელიც წაკითხვისთანავე შევიდა საყვარელი წიგნების სიაში.
ამ წიგნის კითხვის დროს ბევრს იფიქრებთ მეგობრობაზე, სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე, თანაგრძნობაზე. გაგიმხელთ იმასაც, რომ ზოგიერთი ეპიზოდის კითხვისას ცოტათი გავბრაზდი, რადგან ყველაფერი რადიკალუად შეიცვალა და 180 გრადუსით შემოტრიალდა, თუმცა შემდეგ, როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო, სწორედ ამ ყველაფერთან ერთად იყო ეს წიგნი ღირებული და საინტერესო.
ყველაზე მეტად მიყვარს მოვლენების მოულოდნელი განვითარება, ვგიჟდები იმ წამებზე, როდესაც მწერალი გაოცებულს მტოვებს, ამის შემდეგ კი ჩავფიქრდები, საკუთარ თავთან მონოლოგს ვმართავ. ამ წუთებზე სასიამოვნო არაფერია და თუ წიგნის კითხვისას ამას არ განვიცდი, მაშინ მის კითხვას აზრი არ აქვს ხოლმე. ამ წიგნმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და იმაზე ათასჯერ კარგი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
ტექსტი საკმაოდ მრავალფეროვანია, მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორიით არ შემოიფარგლება, ამიტომ არც გაწელილია და ერთი ამოსუნთქვით, მარტივადაც იკითხება. უბრალოდ, შეუძლებელია მისი კითხვა დაიწყო და მალევე გადადო, გვერდები შემდეგი დღისთვის შემოინახო, რადგან მაინც წაგძლევს სული და ხელები გაგექცევა მისკენ. მე ეს წიგნი ხელში რომ ავიღე, არც გამიშვია მანამ, სანამ ბოლო სიტყვები არ ამოვიკითხე.
განსაკუთრებით მეამაყება ქართველების წარმატება. და მე ვამაყობ, რომ ამ არაჩვეულებრივი წიგნის ავტორი ნინო ხარატიშვილია და ის ქართველია!
მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი აღმოვჩნდი, რადგან შესაძლებლობა მომეცა, ჯერ არგამოცემული წიგნი წამეკითხა, ეს კი ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა. დიახ, ძალიან გამიმართლა. ალბათ ბევრს ჩემი კეთილი შურით შეშურდებოდა და მრავალი ისურვებდა ჩემს ადგილას ყოფნას.
მოუთმენლად ველი წიგნის შემდეგ ნაწილებს. მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ლოდინი საშინლად არ მიყვარს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს ყველაფერი ღირს იმად, რაც მომავალში დამხვდება.
მარიამ შუბითიძე
კერძო სკოლა ,,ქორალის" XI კლასის მოსწავლე
No comments:
Post a Comment