ხანდახან გგონია, რომ სამყარო შენ გარშემო ტრიალებს. ფიქრობ, ყველა შენი სურვილი მარტივად ასრულდება და ამ დროს უარყოფ ყველა შესაძლებელ დაბრკოლებას, რომელთა გადალახვაც უკეთ შეგაგრძნობინებს სასურველის მოპოვებით გამოწვეულ ბედნიერებას. ხოლო თუ გააცნობიერებ ცხოვრების სირთულეს, თვალს არ დახუჭავ და არ იტყვი, რომ დაიღალე, თუკი იბრძოლებ საკუთარი მიზნებისთვის და დაუპირისპირდები თავსმოხვეულ შეხედულებებს, ყველა ტკივილს მიაძინებ და შეძლებ, სარკეში თამამად უთხრა შენს თავს ,,გამარჯობა“. ჩემი აზრით, სწორედ ამ თემატიკას
ამუშავებს ნინო ხარატიშვილი
წიგნში ,,მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, რაც განაპირობებს ამ რომანის განსაკუთრებულ ბუნებას.
ნინო ხარატიშვილის ,,მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ საკუთარ თავთან დაბრუნების რომანია. მიღებაა იმ ,,მე“-სი, რომელიც ხან ოცნებას გადევნებული, ხან იმედგაცრუებული, ხშირად დაღლილი და უიმედოც კია, მაგრამ მაინც გამარჯვებულია. ,,მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ მარადიულობაა, ბევრი ადამიანისა და ამბის მნიშვნელოვანი ერთობაა. ძალაა, რომელიც,
გამოვლილის მტკივნეული განცდის მიუხედავად, მაინც ბედნიერებად გარდაიქმნება. ის არის მათრობელა შოკოლადის გემო და არომატი, რომელიც აფერადებს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის სინაცრისფრეს.
ნინო ხარატიშვილი მოგვითხრობს ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულზე. გვესაუბრება დეტალების ენით და გვიშინაარსებს ადამიანების ფსიქოლოგიას სისხლისმსმელი ეპოქის ტილოზე. ამის მიუხედავად, მაინც მოგვითხრობს ბევრ ამბავს მარადიულ ღირებულებებზე, გვიყვება მეგობრობაზე, დედაშვილობაზე, ცოლქმრობასა და, უბრალოდ, სიყვარულზე. გვახსენებს, რომ სიყვარული ჭირისა და ლხინის ერთობაა და ყველა ადამიანი სწორედ მის მოსაპოვებლად იბრძვის. წიგნი გვეხმარება
იმის გათავისებაში, რომ ადამიანები თავისუფლების დაკარგვიდან თავისუფლების მოპოვებისკენ
მიილტვიან. წიგნის საბოლოო სახით გამოსვლამდე წაკითხული რამდენიმე ნაწილი გვაჯერებს, რომ ჩვენც შეგვიძლია ვიცეკვოთ ყველაზე თავისუფალი სულის
გამომხატველი ცეკვა - ,,პა-დე-დე“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის მიმართულების I კურსის მაგისტრანტი
No comments:
Post a Comment